Tuesday, July 2, 2013

,,,

...............
ცამ დაიქუხა და მზეს და ზღვას დასწერა ჯვარი...
ადამიანი ეგოისტი რომარ იყოს მზე მთვარეზე იქორწინებდა და წვიმის ნაცვლად ვარსკვლავები დაეშვებოდა ციდან...

...

(გრიშა) (გაბო)

_გურამ გამარჯობა!
_გაგიმარჯოს გაბო...
_შეყვარებული როგორ გყავს? _ ნიშნისმოგებით კითხა გაბრიელმა.
_რავი... მე რო გამიხარდება, აი ისე...
_და შენ როგორ გიხარია? _ თითქოს სერიოზული ხმით იკითხა ისევ...
_აი... ბედნიერი როა ის მიხარია...
_და შენ რატომ ხარ მოწყენილი?
_არა... ის სხვასთანაა ბედნიერი...
_და რატო არ გიხარია?
_ააა?!
_უკაცრავად...

...................

. . .

მე დაგხატავდი სარკმლის უკან ამოფარებულს... შიშველ ლოლოებს დაადნობდა მკრთალი ხელები...

მე დაგხატავდი უკანასკნელ გაელვებისას როცა შენს ცრემლებს დაფარავდა წვიმის წვეთები...

Saturday, May 11, 2013

უშენოდ...

წამები შლიან მარადისობას,
მოგონებები მთვარისკენ რბიან,
კვლავ უიმედოდ გავყურებ ზეცას,
კვლავ უშენობით მევლება სიო,
                                                       რომელსაც შენი სახელი ჰქვია...

მთვარესაც წაშლის დილის ნათება,
ალბათ ოდესღაც გიწოდებ წარსულს...
მინდა ამ ღამით თავი მოვიკლა
გადავეჩეხო უძირო უფსკრულს!..

მინდა ამ ღამით უკანასკნელად,
რომ გავიგონო ჩვეული ხმები,
ისევ ცას ვუმზერ, და უბედობა 
კვლავაც დამცინის... 
                                        აღარ ჩანს გზები...

შენ შემაყვარე ზამთრის პირას, ხეზე შემორჩენილი შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლი, რომელსაც შენი თმების სუნი აქვს...

შენ შემაყვარე შემოდგომის წყვდიადში ჩაძირული მზის ყურება და მზისგან მოჭრილი თვალების შუქი, რომელშიც შენი თმების ფერი ელვარებს...

მე მიყვარდა გაზაფხული... თბილი მზე და დილის ვარდი (რომელსაც შენი თმების სურნელი ასდის...)
ეხლა კი მე ვდგევარ გზაში, სადაც უმოწყალოდ დაჰქრის ქარი... და გაგეყარე მხოლოდ იმიტომ, რომ... უნებურად... ისე, ჩემთვის... სულ შემთხვევით... .......... ...


Monday, April 22, 2013

Inspiration ...

ალუბლების სიმწვანეში
                             ვხედავ შენს თმებს
                                                          როგორც....
შემოდგომის უღრან ტყეში
                         უსულგულოდ ჩამოვარდნილ
                                                           უკანასკნელ ფოთოლს...

Saturday, March 30, 2013

Inspiration


თითქოს, სიკვდილზე წამით ნაკლებია სიცოცხლე,
თითქოს, მომბეზრდა ცხოვრება და მაინც გეტრფი...
თითქოს, მანუგეშებს სევდა და ოცნებებს მიქოლავს იმედი,
თითქოს, წამია სიცოცხლე და შენახარ რაღაცით მეტი...
                               30/03/13.წ.


Monday, March 25, 2013

ქუჩა...

ქუჩა...
   ქუჩას მივყვები აუჩქარებლად... ქარია... საიდანღაც მოისმის განაწყენებული ძაღლის ყეფა... სიმწვანე... სისპეტაკე... სიცივე... კრთომა და თრთოლვა... ყურში გამდნარი აკორდები... სიცარიელე და მარტოობა გამხილდა და დავუმეგობრდი... გვიყვარს მე და ქუჩას ერთმანეთი... რადგან ამ წუთას ორივე ცარიელი ვართ... 
   ცივ ქუჩას უკანასკნელი  ტოვებს მათხოვარი და უკანასკნელი გამვლელისგან, ეჭვი მაქვს უკანასკნელად ითხოვს უკანასკნელ ხურდას... ფულის წამოღება არც მიფიქრია, ვიფიქრე, ასეთ დროს არაფერში დამჭირდებოდა... მაგრამ თუ დაიჯერებთ ყველაზე მეტად ახლა მინოდა მქონოდა... სიცივე და სირცხვილი... ერთად მათრთოლებს და მყინავს... ხშირად მივარდება კალამიც ხელიდან, ისევე როგორც მას __ უკანასკნელი გროში... ან კიდევ უცნაურ მონახაზებს ტოვებს ფურცელზე, ისევე როგორც ის ქალი __ ქვაფენილზე... 
   გახეული ჯიბის სარჩულში უკანასკნელ თეთრს წავაწყდი... სიხარულისგან ცას ვეწიე... თრთოლვამ და სირცხვილმა თავი დამაღწიეს... 
   თბილისის ბნელი ცა ურცხვად დაეფარათ თეთრ ღრუბლებს... მომაგონდა ერთ წყნარ ადგილას მდგარი საყდარი... როცა გვერდს გავუვლიდი სულ მიტაცებდა მისი სიმარტოვე... იმ საყდრისკენ ავიღე გეზი... შორიდანვე, სარკმელში ვხედავ ხატის წინ მოკიაფე სანთელს... იმედით და რწმენით შევიმოსე... ვუახლოვდები... მიდამო მქრქალი შუქით იყო სხივმოფენილი... სანთლის შუქი ფორმას იცვლის, ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ხან ცისკენ მიაპყრობს სხივს, ხან კიდე ირგვლივ ჰორიზონტს მინათებს...
  _რა საოცარი სიტყვაა არა? __ჰორიზონტზეა მარადიულად, განუყოფელი წყევლა და ლოცვა...    
  _უცებ ვიგრძენი რომ პრობლემა ჩემში იყო... მიზეზი კი იმ უცნობში... თვალზე ცრემლი მომდგარიყო... ცოტაარიყოს გამიკვირდა... თანაც თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი...  სათვალის ქვეშ, თითით მოვიცილე ეს უცხო სხეული... საყდარს მივუახლოვდი... ცოტაარიყოს ციოდა... ალბათ უკეთეს ადგილს ვერც ვიპოვიდი სითბოსა და სულიერი სიმშვიდის მისაღეებად... 
  ცას ავხედე... ღრუბლები ჩემს თავზე მოგროვილიყვნენ... წინ რაღაცამ გაირბინა... თამამად შევაღე საყდრის ჭიშკარი... მაგრამ....  ვაი, რომ ვერ შევაღე... ჭიშკარს შევეხეთქე იმედმინდობილი... საყდრის ჭიშკარზე მძიმე და ხმაურიანი ბოქლომი აჩხრიალდა...  სინათლე მალევე დამიბრუნდა და სიბნელეში უცნობი, საშიში თვალები დავინახე... მხოლოდ თვალები...  უცნობი და ამაზრზენი... გული მეც იგივე გრძნობით ამევსო... უკან შემოვბრუნდი... ცოტა გავიარე და კვლავ ცას ავხედე... ღრუბლებმა, თითქოს ტრიუმფი განიცადესო... ელვისებურად მიჰქროდნენ აღმოსავლეთისკენ... მე კი... მე, კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა... ჩემმა სხეულმა კი __ სიცივე...

                                                                                          25.03.2013.წ. 
                                                                                                                                       02:02:55... .  .   .









 






Saturday, March 23, 2013

განმშორდით!...

* * *
     განმშორდით ხორცისმჭამელნო ადამიანებო... მე თქვენ არ მჭირდებით! თქვენ მე ჭკუას ვერ მასწავლით და ვერც სწორ გზას მიჩვენებთ! ღატაკნო და ხორცით მდიდარნო, აჰა!... დგება ჟამნი თქვენნი!... დაე ყველას მოგეზღოთ თქვენი კუთვნილი ტანჯვა და ვაება! დაე, ყველამ გამოცადოთ ხორციელი ტკივილები, რადგან სული თქვენი ყრუ და უგრძნობია ვითარცა ქვა, და ვითარცა კლდენი ალპებში მდგარნიი!... მზე და სითბო რომ არაფერს წარმოადგენს მისთვის... ღატაკთა და განუკითხავთა შვილებო გეშინოდეთ!

Thursday, February 14, 2013

ჩემთვის უბრალოდ 14 თებერვალი...

ჩემთვის უბრალოდ 14 თებერვალი...
  დღეს დილით მივიღე შეტყობინება:
     „ვალენტინობას გილოცავ, მუდამ სიხარულით, ბედნიერებითა და სიყვარულით გეცხოვროს... შენს გულს ეს წმინდა და ჭეშმარიტი გრძნობა სიცოცხლის ბოლო წუთამდე აძლიერებდეს... ცხოვრების სტიმულს გმატებდეს და მთელ სხეულსა და გონებას ამ გრძნობით გიფორიაქევდეს,,, სიყვარული ხომ ის არის, რასაც არაფრის ყველაფრად ქცევა შეუძლია...
     გწამდეს... მთავარია მიენდე ხმას გულისა, რომელიც გიჩვენებს გზას მარადიულობისა და ჭეშმარიტებისაკენ...“
     __ რაღაცნაირად გავთბი... ცოტაარიყოს მეუცხოვა... პასუხიც კი არ მიმიწერია, ან კი რა უნდა მეპასუხა? ნომერი __ უცნობი... მეკითხა, რომ _ გმადლობთ, მაგრამ ვერ გიცანითქო?...
   ... მერე შემეშინდა... იმედგაცრუების შემეშინდა... და პასუხის __ უკაცრავად ნომერი შემეშალა. .  .   .    .     .        



        

Wednesday, February 13, 2013

სულის სიმები...

სულის სიმები...
     ღამეა ჩვეულებრივი... ცა__ოდნავ ოფიციალური... თავისი ვარსკვლავებით... ალაგ-ალაგ ნატიფი ღრუბლებიც გამოჩნდებიან ხოლმე...

                               ..... ცეცხლოვანი ტანგო აზარტში შედის...

     ღამის სისადავეში სარკმლიდან მოსჩანს ბინის თავზე უხერხულად შემომჯდარი, მორცხვი, ფერმკრთალი მთვარე...

                                                                      ..... ვჩქარობ.....

     საცაა ბინაში ჩაესვენება... ჩემს ყოველ სიტყვას მას ვეკითხები... უკვე ფეხზე ვდგები, არადა მუხლს უნდა ვიყრიდე მის წინაშე... ის თავის ადგილს უბრუნდება, უფრო კი მე ვდგები ფეხის წვერებზე...

                     ..... ცეცხლოვანი ტანგო აზარტში შედის...

                                                                 შთა(ს) გონება ვეღარ უძლებს...
     მატერიალური ღირებულებები არასოდეს მხიბლავდა, მხოლოდ დღეს ვინატრე მქონოდა დიდი სახლი საიდანაც მუდამ შემეძლებოდა მისი დანახვა...
                     ..... ტანგო ლირიკამ შეცვალა...
                                 __დღეს ის ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მაინც გამორჩეული...
    მახსენდება მისი ბუნდოვანი, ჩრდილში მყოფი მეორე ნახევარი... თითქოს ისიც კანონზომიერებით რომ მიისწრაფოდა სრულყოფილებისკენ...
                     ..... სიმყუდროვეში საიდუმლო ბაღის ლირიკა იღვრება...
                                  __ო, როგორ მახსენდება მე... ის...
     დღეს განსაკუთრებით მარტოსული მეჩვენა... უწინ, როცა ვხედავდი მე მას, ვცდილობდი ჩემთვისაც მოექცია ყურადღება... დღეს კი ის მხოლოდ მე მიყურებდა...
       ..... მახსენდება, მახსენდება და მტკივა...      მტკივა ო, როგორ მე ის...
                      ..... სასულე ორკესტრი ეშხში შედის...
     ყვითელ ავტობუსებს კვლავ გადააქვს ქვეყნის მომავალი დარდი და სევდა... კონტროლიორიც მორიგ ჯარიმას ამოუწერს დაბნეულ და დარცხვენილ სევდას...
          __ყველა რომ ასე პირნათლად ასრულებდეს თავის ვალს, მჯერა რომ...
      ვიოლინოების შეხმატკბილებული ლეგატოები უტეხად ცდებიან უკიდეგანო სულის საზღვრებს...
     თუკი ორი მთვარე იქნებოდა ცაზე, ალბათ ერთს შენს სახელს დავარქმევდი... ამ უკანასკნელს კი __ „სულის სიმებს“   ... ასე ურცხვად რომ უყვარს მასთან თამაში...




Sunday, February 3, 2013

მარიამის ლექსისი მოტივზე :)


ნაწვიმარ ქუჩებს შენკენ სავალ გზებს ვეკითხები,
წვიმის წვეთები გამანდობენ უთვალავ დარდებს,
მხრებს მისველებენ და მეც ლაღად ვესაუბრები,
ირგვლივ ვერ ვამჩნევთ ათასობით ქოლგიან გამვლელს...


                                                                                                                    03/02/13

Saturday, January 19, 2013

უშინაარსობავ...



უშინაარსობავ...


      უშინაარსობავ... თუმცა რა დროს ეგაა...
      დრო... _ გამოუყენებელი სიმდიდრე...
                                   წუთი... _ დაუხურდავებელი მონეტა...
     ყვითელი.... არა, შემოდგომა უკვე დიდ ხანია წარსულს ჩაბარდა...
     _ფანჯარა დახურეთ! ცივა...
   _ყინვასავით   მოუთოკავმა   ხმამ  უნებლიედ  გაატანა  ძვლებში...  უკმაყოფილო, ამაზრზენი სიჩუმე...
     სადღაც ყრუდ გაისმის მეცხრეს ფინალი... დიდი ლუდვიგი... _კი ეგაა... _უცებ უკან მივიხედე... მაგრამ თვალწინ დროთა სიშავით შეთეთრებული, დაცვარული მინა შემეფეთა... ბრბო ჩემ წინ მოკალათებულიყო... აჰაა, ქვეცნობიერად დამემოწმა ჩუმი "მე", სადღაც კუთხეში რომ მიმალულიყო... ანშლაგი, ჩოჩქოლი... დროზე განაწყენებულ ადამიანთა უწმაწური, თუმცა უკვე წესად ქცეული, მშობლის ამაგის "დაფასება"...
     კადრები კადრებს მისდევდა... უცებ ჩემი თავი მომელანდა... ის, უძრაობის სარკეში საკუთარ თავს უცქერდა და მასზე შორს, სადღაც, უსასრულობისკენ იყურებოდა...
     ძველ წიგნაკში ჩანაწერი ფრაზა გამახსენდა... "კაცი, რომელიც შორს იხედებოდა... ერთი შეხედვით მიზანდასახული გეგონებოდა, მაგრამ მისი სწორუპოვლობა სიშტერის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა...". .  .   .  
სარკეში ამ კაცს თვალი ავარიდე და გაურეცხავ მინას ვესროლე დაბინდული მზერა... ფინალი დასასრულს მიუახლოვდა, როცა...
     _ეჰ... სად წახვედი?... სად დაიკარგე მოდი აქ, ნუ გამირბიხარ, ნუღა მემალები, გამოჩნდი...  _ქვეცნობიერებამ სიშიშვლიდან იფეთქა... აი უკვე ჩემთან ხარ, აქ ნურაფრის გეშინია...
     ხელში ვგრძნობ მის მაჯისცემას , მაოცებს მისი გაუცხოვება... წყნარი სიმშვიდის ფონზე სმენა გაირინდა... მუსიკალური ნაწარმოების მშვიდი, ლირიკული მელოდია, ადაჟიო, ნელა შემოიჭრა ჩემში... სულისაღმძვრელი სურვილით გაინაბა გონება, ისევე როგორც მისი მაჯისცემა...
     სამუელის ლირიკა სიმებიანი საკრავთათვის... მეთერთმეტე ოპერიდან... ტანში მაჟრჟოლებს მისი მოსმენა... მთრთოლავს... მაჩუმებს... მყინავს...

















Monday, January 14, 2013

გაუცხოვება...


* * *
შენს გამოხედვას ვეღარ უძლებს ეს ჩემი გული,
თითქოს მაგ თვალებს ვადარებდე ვარსკვლავთა ცვენას,
აიშლებიან გზააბნეული შენზე ფიქრები,
უფალს შევთხოვე შენთან ერთად ცაში აფრენა...

შეირყევიან უცაბედად თეთრი ვერხვები,
ქუჩის ნაპირებს ოქროსფერებში რთავს შემოდგომა,
ბნელ ჯოჯოხეთში უშენობას ვერ შეველევი,
სიხარულისგან ცრემლებს დავღვრი წმინდა სანთლებად...

მომენატრება ბნელ ტკივილამდე შენი დანახვა,
მაოცებს შენი შავი თვალების გამონათება,
და გზააბნეულს მაგონდება შენი ტრფიალი,
ზეცას შევთხოვე, უკიდეგანოს, შენი დალოცვა...
  
                              13.01.2013.   23:54:49     ; )                    
                                                                                   ბექა ფხაკაძე
          

გაუცხოვება...



* * *
შენს გამოხედვას ვეღარ უძლებს ეს ჩემი გული,
თითქოს მაგ თვალებს ვადარებდე ვარსკვლავთა ცვენას,
აიშლებიან გზააბნეული შენზე ფიქრები,
უფალს შევთხოვე შენთან ერთად ცაში აფრენა...

შეირყევიან უცაბედად თეთრი ვერხვები,
ქუჩის ნაპირებს ოქროსფერებში რთავს შემოდგომა,
ბნელ ჯოჯოხეთში უშენობას ვერ შეველევი,
სიხარულისგან ცრემლებს დავღვრი წმინდა სანთლებად...

მომენატრება ბნელ ტკივილამდე შენი დანახვა,
მაოცებს შენი შავი თვალების გამონათება,
და გზააბნეულს მაგონდება შენი ტრფიალი,
ზეცას შევთხოვე, უკიდეგანოს, შენი დალოცვა...
  
                              13.01.2013.   23:54:49     ; )                    
                                                                                   ბექა ფხაკაძე
          

Sunday, January 13, 2013

გზააბნეული...


*  *  * 
მე მენატრება შენი დანახვა,
მაოცებს შენი მკრთალი თითები,
გზაზე მივდივარ დავეხეტები,
ბნელ გზას მინათებს ლამპიონები...

ქუჩაში ვდგევარ, და გზა არსით ჩანს,
ჰაერში ფრთხება ფრთები ყვავების,
რომ მიგატოვო, მითხარი რა ვქნა,
რაღა ვქნა, როცა არ გეყვარები...

მე და სიბნელე მივყვებით ღამეს,
სიჩუმე ყვირის სადღაც, ფანჯრიდან...
როცა მოვკვდები, არ შეგაწუხებ,
ვერ შეგაწუხებ ცივ სამარიდან...

ადამიანობს ყველა ვერაგი, 
დაბორიალობს სარკინოზები,
დაღამებისას მელანდებიან 
ფრთებშემოსხმული ანგელოზები...

გაშმაგებული მივწვდები ყურმილს...
გაშმაგებული ბოლთას სცემს ქნარი...
შემომადნება ხელში ყურმილი 
და პასუხს არ მცემს არც ერთი ქალი...

კრძალვით, შემკრთალი გადაშლი ალბომს,
სურათებს ხედავ, ნახავ ვბერდებით...
-ნუ მომიგონებ როცა დახედავ,
დახედე, როცა მოგაგონდები...
                           
                                                                         ბექა ფხაკაძე

Thursday, January 3, 2013

გზააბნეული...

გზააბნეული...


*  *  * 
მე მენატრება შენი დანახვა,
მაოცებს შენი მკრთალი თითები,
გზაზე მივდივარ დავეხეტები,
ბნელ გზას მინათებს ლამპიონები...

ქუჩაში ვდგევარ, და გზა არსით ჩანს,
ჰაერში ფრთხება ფრთები ყვავების,
რომ მიგატოვო, მითხარი რა ვქნა,
რაღა ვქნა, როცა არ გეყვარები...

მე და სიბნელე მივყვებით ღამეს,
სიჩუმე ყვირის სადღაც, ფანჯრიდან...
როცა მოვკვდები, არ შეგაწუხებ,
ვერ შეგაწუხებ ცივ სამარიდან...

ადამიანობს ყველა ვერაგი, 
დაბორიალობს სარკინოზები,
დაღამებისას მელანდებიან 
ფრთებშემოსხმული ანგელოზები...

გაშმაგებული მივწვდები ყურმილს...
გაშმაგებული ბოლთას სცემს ქნარი...
შემომადნება ხელში ყურმილი 
და პასუხს არ მცემს არც ერთი ქალი...

კრძალვით, შემკრთალი გადაშლი ალბომს,
სურათებს ხედავ, ნახავ ვბერდებით...
-ნუ მომიგონებ როცა დახედავ,
დახედე, როცა მოგაგონდები...
                           
                                                                         ბექა ფხაკაძე