Monday, March 25, 2013

ქუჩა...

ქუჩა...
   ქუჩას მივყვები აუჩქარებლად... ქარია... საიდანღაც მოისმის განაწყენებული ძაღლის ყეფა... სიმწვანე... სისპეტაკე... სიცივე... კრთომა და თრთოლვა... ყურში გამდნარი აკორდები... სიცარიელე და მარტოობა გამხილდა და დავუმეგობრდი... გვიყვარს მე და ქუჩას ერთმანეთი... რადგან ამ წუთას ორივე ცარიელი ვართ... 
   ცივ ქუჩას უკანასკნელი  ტოვებს მათხოვარი და უკანასკნელი გამვლელისგან, ეჭვი მაქვს უკანასკნელად ითხოვს უკანასკნელ ხურდას... ფულის წამოღება არც მიფიქრია, ვიფიქრე, ასეთ დროს არაფერში დამჭირდებოდა... მაგრამ თუ დაიჯერებთ ყველაზე მეტად ახლა მინოდა მქონოდა... სიცივე და სირცხვილი... ერთად მათრთოლებს და მყინავს... ხშირად მივარდება კალამიც ხელიდან, ისევე როგორც მას __ უკანასკნელი გროში... ან კიდევ უცნაურ მონახაზებს ტოვებს ფურცელზე, ისევე როგორც ის ქალი __ ქვაფენილზე... 
   გახეული ჯიბის სარჩულში უკანასკნელ თეთრს წავაწყდი... სიხარულისგან ცას ვეწიე... თრთოლვამ და სირცხვილმა თავი დამაღწიეს... 
   თბილისის ბნელი ცა ურცხვად დაეფარათ თეთრ ღრუბლებს... მომაგონდა ერთ წყნარ ადგილას მდგარი საყდარი... როცა გვერდს გავუვლიდი სულ მიტაცებდა მისი სიმარტოვე... იმ საყდრისკენ ავიღე გეზი... შორიდანვე, სარკმელში ვხედავ ხატის წინ მოკიაფე სანთელს... იმედით და რწმენით შევიმოსე... ვუახლოვდები... მიდამო მქრქალი შუქით იყო სხივმოფენილი... სანთლის შუქი ფორმას იცვლის, ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ხან ცისკენ მიაპყრობს სხივს, ხან კიდე ირგვლივ ჰორიზონტს მინათებს...
  _რა საოცარი სიტყვაა არა? __ჰორიზონტზეა მარადიულად, განუყოფელი წყევლა და ლოცვა...    
  _უცებ ვიგრძენი რომ პრობლემა ჩემში იყო... მიზეზი კი იმ უცნობში... თვალზე ცრემლი მომდგარიყო... ცოტაარიყოს გამიკვირდა... თანაც თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი...  სათვალის ქვეშ, თითით მოვიცილე ეს უცხო სხეული... საყდარს მივუახლოვდი... ცოტაარიყოს ციოდა... ალბათ უკეთეს ადგილს ვერც ვიპოვიდი სითბოსა და სულიერი სიმშვიდის მისაღეებად... 
  ცას ავხედე... ღრუბლები ჩემს თავზე მოგროვილიყვნენ... წინ რაღაცამ გაირბინა... თამამად შევაღე საყდრის ჭიშკარი... მაგრამ....  ვაი, რომ ვერ შევაღე... ჭიშკარს შევეხეთქე იმედმინდობილი... საყდრის ჭიშკარზე მძიმე და ხმაურიანი ბოქლომი აჩხრიალდა...  სინათლე მალევე დამიბრუნდა და სიბნელეში უცნობი, საშიში თვალები დავინახე... მხოლოდ თვალები...  უცნობი და ამაზრზენი... გული მეც იგივე გრძნობით ამევსო... უკან შემოვბრუნდი... ცოტა გავიარე და კვლავ ცას ავხედე... ღრუბლებმა, თითქოს ტრიუმფი განიცადესო... ელვისებურად მიჰქროდნენ აღმოსავლეთისკენ... მე კი... მე, კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა... ჩემმა სხეულმა კი __ სიცივე...

                                                                                          25.03.2013.წ. 
                                                                                                                                       02:02:55... .  .   .









 






No comments:

Post a Comment